სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ თბილისის მე-3 პედიატრიულ კლინიკაში მოკვლევა დაიწყო

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ თბილისის მე-3 პედიატრიულ კლინიკაში მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს მე-3 პედიატრიულ კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის საბა ფორჩხიძის დედამ მიმართა, რომელიც ბავშვის დაღუპვაში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად რაიმე დარღვევა გამოიკვეთება, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მე-3 პედიატრიულ საავადმყოფოში ჭიათურიდან ჩამოყვანილი წლინახევრის საბა ფორჩხიძე გარდაიცვალა. მას მენინგოენცეფალიტი დაუდგინდა.

ექიმების თქმით, თბილისის საავადმყოფოში მოთავსებისას ბავშვი შოკურ მდგომარეობაში იყო და კლინიკაში მიყვანიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.

ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს, რომლებმაც, მათი თქმით, ბავშვის მდგომარეობა არასათანადოდ შეაფასეს. ბავშვის დედის თქმით, მან ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა მოითხოვა, თუმცა კლინიკაში განუცხადეს, რომ აპარატი არ მუშაობდა.

იმას, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება აუცილებელი იყო, ექიმებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აპარატი სხვა კლინიკიდან მოითხოვეს, თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.
ის ექიმი კი, რომელმაც პატარა თავდაპირველად მიიღო, აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პატარას გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროში ექიმების დავით ფერაძისა და პაატა ნემსაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ისინი საქმის გამოძიებასა და ექიმთა პასუხისმგებლობის განხილვას მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100