სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიის ტერაქტის დროს გადარჩენილი მოზარდი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გადარჩენილი ქართველი - ნათია ჩხეტიანი მიიღო.

ქვეყნის პირველმა პირმა მას ღირსეული ადამიანი უწოდა და მადლობა გადაუხადა იმ გამძლეობისთვის, რაც მან "ჯოჯოხეთის" მიუხედავად გადაიტანა.

"ნათია ჩხეტიანი ღირსეული და კარგი ახალგაზრდაა. მან ჯოჯოხეთი გამოიარა და გამიკვირდა, როგორ შეინარჩუნა წონასწორობა, სიმშვიდე. წარმოუდგენელი ბედნიერებაა, რომ ის გადარჩა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ტერაქტის შედეგად დაღუპულ მეორე ქართველ გოგონას - თამთა ლიპარტელიანს, პრეზიდენტის შეფასებით, მისი დაღუპვა მთელი ერის ტრაგედიაა.

"ცხოველი საქართველოშიც ცხოველია, სამხრეთ პოლუსზედაც და ნორვეგიაშიც. ეს იყო ნამდვილი ცხოველი და სხვა სახელი არ ეწოდება იმ არსებას, რომელმაც ეს ჩაიდინა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ მისი შესაბამისი სასჯელი არ არსებობს.

"ნორვეგიაში ვმუშაობდი თამთას და ნათიას ასაკში. ნანახი მაქვს ნორვეგიული ციხეები და ისეთი სანატორიუმებია იქ, მე არ ვიცი, რა სასჯელი უნდა მოიხადოს იმ ცხოველმა იქ, იმ სანატორიუმში. როგორ არის ადეკვატური სასჯელი იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. ნათიას ვუსურვებ, ძალიან მალე გადაიტანოს ეს, ძალიან წარმატებული ადამიანი დადგეს ჩვენი ქვეყნისთვის და თუნდაც მისი მეგობრის ხსოვნის საპატივცემულოდ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100