წალენჯიხაში ხუთი მღვიმის სათავე აღმოაჩინეს

სპელეოლოგებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ მედანის ტერიტორიაზე ხუთი მღვიმის სათავე აღმოაჩინეს. მათვე სოფელ ჩქვალერში მდინარე ინწრას სათავესთან არსებული მღვიმის ტერიტორიაზე ზედაპირული მოკვლევა ჩაატარეს. 5 კაციანმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც სპელეოლოგი ელგუჯა ჯამრიშვილი ხელმძღვანელობდა, მუშაობა გუშინ დაასრულა. სპელოლოგების ვარაუდით, ინწრას და მედანის მღვიმეები ერთ სიბრტყეზე მდებარეობს და ის სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. Livepress.ge-ს წალენჯიხის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლაშა ზარქუამ განუცხადა, რომ სპელეოლოგთა ჯგუფს, დიდი ექსპედიციის ჩასატარებლად შემოდგომაზე ელოდებიან, მისივე თქმით, „ინწრას მღვიმე ძალიან საინტერესოა და სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. ჯერ მღვიმეში არავინ შესულა და საინტერესოა რა სურათს ვიხილავთ. ვფიქრობთ, რომ მღვიმეთა ეს სისტემა წალენჯიხის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.“ შემოდგომისთვის დაგეგმილი ექსპედიციის დასაფინანსებლად საჭირო ხარჯების ნაწილს წალენჯიხის ბიუჯეტი გამოყოფს, ნაწილს კი ცენტრალური ბიუჯეტი დაფარავს. წალენჯიხის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, სპელეოლოგების ექსპედიციისთვის საჭირო თანხების ხარჯთაღრიცხვა ჯერ შედგენილი არ არის.

კომენტარი