ვილნიუსის მერმა არასწორად გაჩერებულ მსუბუქ მანქანებს ჯავშანტექნიკით გადაუარა (ვიდეო)

ლიტვის დედაქალაქში, არც მეტი, არც ნაკლები, ჯავშანტრანსპორტიორზე ამხედრებული ვილნიუსის მერი გამოჩნდა. მოქალაქეებისთვის მისი ამ სახით ნახვა მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: დამეთანხმებით, რომ კლასიკურად ჩაცმული ქალაქის თავის ხილვა, რომელიც ჯავშანტრანსპორტიორზეა ამხედრებული და სამხედრო ტექნიკას დედაქალაქის ქუჩებში დააგელვებს, ყოველდღე არ არის შესაძლებელი.

მაგრამ მთავარი შოკი ვილნიუსელებს ჯერაც გადასატანი ჰქონდათ: ჯავშანტრანსპორტიორმა, ბორტზე მომღიმარი ქალაქის თავით, ერთ–ერთ ქუჩაზე, მოულოდნელად, ტროტუართან გაჩერებული მსუბუქი მანქანებისკენ აიღო გეზი, ერთ–ერთ მათგანს, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას გადაურა და დატკეპნა. როგორც უკვე ვთქვით, ამ ქმედებას თან ახლდა ვილნიუსის მერის მომხიბვლელი ღიმილი, თუმცა, სანახაობის შემსწრე ადგილობრივ მცხოვრებლებს არათუ არ გაღიმებიათ, რამდენიმე მათგანი ცუდადაც კი გახდა.

მოგვიანებით, როცა ვიდეორგოლი ვილნიუსის მერის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა, ყველაფერი გაირკვა: ვილნიუსის მერმა ამ ფორმით გამოუცხადა ბრძოლა ქუჩაში მანქანების არასწორად გაჩერებას. ვებ–გვერდზე ისიც იყო განმარტებული, რომ ვიდეორგოლი ინსცენირება, ხოლო მანქანა, რომელსაც მერმა ჯავშანტრანსპორტიორით გადაურა, საგანგებოდ ამ სცენის გადასაღებად დამზადებული „მერსედესის“ მაკეტი იყო. ვიდეორგოლის ბოლოს ვილნიუსის მერი საკუთარი ხელით ჰგვის გადაღების შედეგად დანაგვიანებულ ქუჩას.

კომენტარი