სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გივი თარგამაძე: ბადრი ბიწაძე ხან ვენაშია, ხან მოსკოვში

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე ხან ვენაშია, ხანაც - მოსკოვში.

როგორც "პირWელს" თარგამაძემ განუცხადა, იგი ამის შესახებ ინფორაციას იმ ადამიანისგან ფლობს, რომელმაც ბიწაძე ვენასა და მოსკოვში საკუთარი თვალით ქუჩაში მოსიარულე ნახა.

"პირWელის" კითხვას, როგორ გადაკვეთა ბიწაძემ ქვეყნის საზღვარი იმ ფონზე, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული, თარგამაძემ კითხვითვე უპასუხა: "როგორ დატოვა საქართველო მალხაზ გულაშვილმა?".

ხოლო კითხვაზე, თუ რატომ მოითხოვა პოკურატურამ ბადრი ბიწაძისგან გირაოს გადახდა და რატომ არ შეეფარდა მას თავიდანვე წინასწარი პატიმრობა, თარგამაძემ განაცხადა, რომ "ბიწაძე საფრთხეს აღარ წარმოადგენდა".

"ამ ადამიანს ბრალი უკვე წაყენებული აქვს. მან გაქცევა გადაწყვიტა და გაიქცა. თუ საკუთარ სამშობლოში ცხოვრება არ სურს, სადაც უნდა, იქ იბოდიალოს", - განუცხადა "პირWელს" თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი. თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თბილისის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 100000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიწაძის ოჯახმა თანხა არ გადაიხადა, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახე შეცვალა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შს სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფზე ძებნა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ არც შს სამინისტრო და არც მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ, თუმცა როგორც ბიწაძის მეუღლე, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, ბიწაძემ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით რომელიმე ქვეყანას მიმართოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100