„ახალგაზრდული არეულობის“ ესტაფეტა ინგლისიდან ესპანეთს გადაეცა (ვიდეო)

როგორც ჩანს, „ბებერ კონტინენტზე“ ახალი სენი - რბევისა და არეულობის დაუცხრომელი ჟინი იკიდებს ფეხს. კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ერთვის, ესპანეთში, კოსტა-ბრავას სანაპიროზე გუშინ ღამითაა გადაღებული, სადაც პოლიციელებსა და ტურისტებს შორის ნამდვილი ხელჩართული ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაფერი იმის გამო დაიწყო, რომ ერთ-ერთი კონცერტი, რომელზე დასასწრები ბილეთებიც ტურისტებს ადრე ჰქონდათ ნაყიდი (ბილეთი 30 ევრო ღირდა) გადაიდო, ამან კი ახალგაზრდა ტურისტების პროტესტი გამოიწვია. ბრიტანელი ახალგაზრდების მაგალითით ფრთებშესხმულ რამდენიმე ტურისტს არ გასჭირვებია საპროტესტო აქციის ორგანიზება. ფორმალურად, მოთხოვნა ბილეთში გადახდილი ფულის დაბრუნება იყო, თუმცა, პროტსტიც არის და პროტესტიც: აქცია მალევე გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. წესრიგის დასამყარებლად მისულ პოლიციელებს ტურისტებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს: სანაგვე ბუნკერები ბარიკადებად აღმართეს, მოიმარაგეს ქვები და ბოთლები, სამართალდამცველთა გამოჩენისთანავე კი მათ დაუშინეს. ამან ის გამოიწვია, რომ ხელისუფლებამ ადგილზე დამატებითი ძალები გაგზავნა, მათ შორის, ანტიტერორისტული რაზმებიც. პოლიციამ კანონით დაშვებული ყველა საშუალება, რეზინის ტყვიების ჩათვლით, გამოიყენა, რათა „ახალგაზრდული ჟინი“ ჩაეცხრო. არეულობებში განსაკუთრებით აქტიურობდნენ გერმანელი ტურისტები, ამიტომაც, დაკავებულთა შორის ყველაზე მეტი სწორედ გერმანელია.

წყარო

კომენტარი