სერგეი შამბა ავარიაში მოყვა და ჰოსპიტალიზებულია (განახლებული)

ბოლო განახლება: 21.08.2011; 00.05 სთ

ავტოავარიაში მოყვა აფხაზეთის „პრეზიდენტობის კანდიდატი“ სერგეი შამბა. იგი ამ დროისთვის გაგრის საავადმყოფოშია გადაყვანილი. - ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დასახლებულ პუნქტ ბზიფთან მოხდა, გაგრის რაიონში - როცა შამბა ესკორტით გადაადგილდებოდა. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ამომრჩევლებს უნდა შეხვედროდა. ავარიის შედეგად შამბამ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, გაგრის საავადმყოფოში მას და კიდევ რამდენიმე დაზარალებულს პირველი დახმარება უკვე აღმოუჩინეს. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დღეს საღამოს სერგეი შამბას აფხაზეთის ტელევიზიით დაგეგმილი ჰქონდა პირდაპირ ეთერში ტელედებატები კონკურენტებთან, თუმცა, უცნობია, გადაიდება თუ შამბას გარეშე ჩატარდება დაგეგმილი ტელეეთერი.

თვითონ სერგეი შამბას მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. არ სახელდება ავარიის გამომწვევი მიზეზებიც.

რადიო "თავისუფლება" კი იტყობინება, რომ სერგეი შამბას ავარიის თვითმხილველი მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი, ბესლან ბუთბა გახდა. მისი თქმით, ავარია მოხდა სოხუმი-ბიჭვინთის გზაზე. შამბა ბიჭვინთაში მიემგზავრებოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად. ბუთბას ცნობით, შამბას ავტომობილი შეეჯახა შამბას მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი წევრის მანქანას. ავარიის შედეგად შამბამ თავის მსუბუქი ტრავმა მიიღო. კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან იტყობინებიან აგრეთვე, რომ შამბას თითი აქვს მოტეხილი. შამბას მომხრეთა თქმით, ეს უბრალო საგზაო შემთხვევა იყო და არა თავდასხმა. როგორც იტყობინებიან, შამბა თავს ნორმალურად გრძნობს და დანარჩენ კანდიდატებთან დებატებში მონაწილეობას აპირებს.

ამ წუთებში (00.05) გავრცელებული ინფორმაციით, ტელედებატები არ შედგა. "ეხოკავკაზა. რუ"-ს ცნობით, სერგეი შამბასადმი სოლიდარობის ნიშნად დანარჩენმა კანდიდატებმა გადაწყვიტეს, რომ დაგეგმილი დებატები გადადონ.

კომენტარი