დოდო გუგეშაშვილი - "ის ადამიანი სახლში ჩვეულებრივად, რამდენჯერმე შემოვუშვი"

ჩემი შვილის მისამართით გასროლა არ მახსოვს, როცა მკვლელმა მესროლა, მეგონა ჩემი შვილი სახლიდან უკვე გასული იყო, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა, ტელეკომპანია ”პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მკვლელობის დღეს კარი ღია ჰქონდა და ვინაიდან მკვლელს იცნობდა, როგორც ვეტერანს, სახლში ჩვეულებრივ შემოუშვა.

”სამწუხაროდ, მე არასოდეს მიფიქრია რაიმე სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, სახლში ჩვეულებრივად, რამდენჯერმე შემოვუშვი. იმ დღეს დარეკა ზარი და მე სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის კარი ღია მქონდა. ჩვეულებრივად შემოვიდა. რამდენიმე წუთის მერე მე მესროლა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მახსოვს, რომ მესროლეს გულის არეში და მე მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე სახლიდან გასული იყო. მესროლეს მე და ესროლეს შვილს. მაგრამ სროლის მომენტი ჩემი შვილის მიმართ მე არ მინახავს. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა, არ არის ბიზნესი, არ არის წინა საუკუნის სავალალო დაპირისპირება, რომელიც მთელმა საქართველომ გავიარეთ, არ არის არც ერთი ომი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის არც ფულიანი ბიზნესი, არც მსგავსი რამ. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მკვლელი სავარაუდოდ დაჭრილია. ”ტყუილია ეს ინფორმაცია, მკვლელი დაჭრილი არ არის. ვერც იქნებოდა, რადგან მე ვიყავი საშინაო ფორმაში, ჩუსტებით და ხალათით, და როგორ ვესროდი”, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

კომენტარი