"სამტრედიაში, სახლში რომ იყო მოხდა ინციდენტი, ჩხუბი მოუვიდა" - განათლების სამინისტროს პირველი კომენტარი ბავშვზე, რომლის ვიდეომაც სრულიად საზოგადოება აღაშფოთა

განათლების სამინისტროს პირველი კომენტარი ბავშვზე, რომლის ვიდეომ დღეს სოციალური ქსელი მოიცვა. აი, რა განუცხადა დრონი.ჯი-ს განათლების სამინსიტრომ:

„ბავშვი არის მე-200 სკოლის მოსწავლე, იმყოფებოდა სააღდგომო არდადეგებზე თავის სახლში სამტრედიაში. ჩვენი ინფორმაციით იქ მოხდა ინციდენტი, ჩხუბი მოუვიდა თავის მეგობრებთან, ამის შემდეგ მისი ქცევა გამწვავდა. დედამ წამოიყვანა თბილისში რომ ექიმთან მიეყვანა და გზაში ექიმთან სანამ მიიყვანდა მოხდა ეს შემთხვევა, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელში. ჩვენ ეს ინფორმაცია ვიცით მშობლისგან. ამჟამად ბავშვი იმყოფება საავადმყოფოში და მკურნალობის კურსს გადის.

შეგახსენებთ, რომ დღეს დრონი.ჯიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია თანდართული ვიდეოთი მოზარდი ბიჭი დედას სახლში წაყვანას სთხოვს.
"დღეს დილით ბავში მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე თბილისი ცენტრალის ტეტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას, თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა თუ არ ვცდები. არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიყავდა სახლში პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა იქ უკეთ უვლიანო, აქ ხალხს ხედავს გასდის ესეთი საქციელიო, სახლში რომ მივიყვანო დამილეწავს ყველაფერსო, ძალიან მომეშალა ნერვი და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემ ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქავო. ღმერთო რატომ ჰყავთ ასეთ მშობლებს შვილებიიიი, რამდენს შვილი უნდა და ნატრობს. ყურებიდან არ ამომდის ამ ბავშვის განწირულ ხმა დედიკო, მამიკო წამიყვანეთ სახლში იქ ნუ დამაბრუნებთ" - წერდა ვიდეოს ავტორი.

დრონი. ჯი დეტალების გარკვევას შეეცადა. ჩვენ ვესაუბრეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვი არის ინკლუზიური და არ გამოქცეულა პანსიონატიდან, ის დედას ჰყავდა წაყვანილი სააღდგომო არდადეგებზე.

აი რა განუცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ დრონი.ჯი-ს:

„ბავშვის ოჯახი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო პროცესში და 2017 წელს დაეხმარა მშობლებს დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. შემდეგ, სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ მიმართა განათლების სამინისტროს მულტიგუნდს ბავშვის მდგომარეობის შესწავლისათვის. ბავშვი შეფასდა და გამოიკვეთა რომ სჭირდებოდა ინკლუზიური სწავლება. მულტიგუნდის დასკვნის საფუძველზე ის ჩაირიცხა გლდანში მდებარე მე-200 სკოლა-პანსიონში, რომელსაც განათლების სამინისტრო კურირებს. მოზარდი ამ დრომდე აქ გადის ინკლუზიურ სწავლებას. მუდმივად ვართ ბავშვის ჯანმრთელობის და განათლების საკითხების ირგვლივ ინფორმირებულნი, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ის ადაპტირდა, მოერგო ახალ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს. მოგეხსენებათ, რომ სკოლა-პანსიონს გააჩნია მედ-პერსონალი, ასევე სასწავლო სპეციალიზებული პედაგოგთა გუნდი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს ბავშვზე. დედას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შვილთან, ამჯერად გაიყვანა დაწესებულებიდან რამდენიმე დღით სააღდგომო არდადეგებზე“ - აცხადებს ეთერ ცხაკაია ჩვენთან საუაბრში.

კომენტარი