ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

უწყების ინფორმაციით, 8 პირის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს, 11:30 საათზე გაიმართება. აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს. საქმის მასალები უკვე გადასცეს ბრალდებული პირების ადვოკატებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

კომენტარი