სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული პირები გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ" - ბრიფინგი შსს-ში

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული პირები გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ახორციელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ.

გუშინ უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელობის საქმეზე გუშინ გამოაცხადა განაჩენი, რომელიც, როგორც ცნობილია, პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტანციაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე დაადგინა და დააკავა ის პირები, რომლებმაც ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარეს.

ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100