ვენახების გადაწვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ სოფელ ფიროსმანში ვენახების დაწვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა შენგელიამ განაცხადა.

როგორც სიღნაღის პროკურატურაში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

“მოსახლეობა ვარაუდობს, რომ დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც ზეთისხილის პლანტაციის გაშენება სურს, მათი მამა-პაპისეული ვენახი შეგნებულად გადაწვა. ამ ფაქტის ირგვლივ სისხლის სამართლის საქმის აღძრვას მოვითხოვთ”, – განაცხადა გურაშვილმა.

„სახანძრო სამსახური სოფელში რომ მოვიდა, ასე გვეკითხებოდნენ, გამგებლის ვენახი რომელია, ჩქარა გამგებლის ვენახი გვაჩვენეთო. მთელი მოსავალი გვეღუპებოდა და ესენი იმას ცდილობდნენ სოფლის რწმუნებულის ვენახი გადაერჩინა და გლეხები თუნდაც წყალს წაეღო. ჯერ გამგებლის ვენახი მოიკითხეს. ესაა სამართალი?”… – აღშფოთებას ვერ ფარავენ დაზარალებული სამთაწყაროელები.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფელ სამთაწყაროში 15 ოჯახს 15 ჰა ვენახი დაეწვა, ამას გარდა, ხანძრის შედეგად დამწვარია 50 ჰა საძოვარიც. ადგილობრივები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

კომენტარი