სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი შაშკინი ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2011-2012 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ პრესკლუბში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რითაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმაა, რომელიც 15 სექტემბრიდან ძალაში შედის და იგი პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებს შეეხებათ. მომავალ წელს კი მეშვიდე-მეთორმეტე კლასებისთვის დაინერგება. წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ახალი გრიფირებული, მაღალი სტანდარტების მქონე სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება და მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეები კი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, წიგნებს სახელმწიფოსაგან უფასოდ მიიღებენ.

მინისტრის განმარტებით, წელს პირველად, ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს მასში ჩატვირთული სასწავლო პროგრამებით და სახალისო შემეცნებითი თამაშებით. კომპიუტერები საქართველოშია დამზადებული და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

დიმიტრი შაშკინი სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 350 სკოლას ჩაუტარდა. აშენდა 12 ახალი სკოლა. თბილისის ყველა და საქართველოს დიდი ქალაქების სკოლები თანამედროვე ლაბორატორიებითაა აღჭურვილი. სკოლებში შეტანილია ახალი მერხები და დაფები.

ჟურნალისტები სამინისტროს E-strategy ანუ, სამინისტროს ელექტრონული სტრატეგიითაც დაინტერესდნენ, მინისტრის განცხადებით, ახალი წლიდან სკოლებში ელექტრონული ჟურნალები ამოქმედდება. მშობელს ამ ჟურნალის მეშვეობით შეუძლია დააკვირდეს, როგორ სწავლობს და როგორ იქცევა მისი შვილი სკოლაში. საქართველოს ისტორიაში პირველად მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მთლიანად სკოლების ადმინისტრაციის ელექტრონული ბაზები დაინერგება, შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკები, მომავალში სკოლების მართვა ელექტრონულად მოხდება.

ეს არის ახალი სასწავლო წლისათვის დაგეგმილი სიახლეების მხოლოდ ნაწილი, სამინისტრო მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ბევრ სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსაც სთავაზობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100