სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორი დღის წინ მალხაზ კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს. ბრალდების მხარე სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული მალხაზ კობაური ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:


„ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი, რომელზეც მსხვერპლის და ბრალდებულის დნმ იქნა აღმოჩენილი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, მალხაზ კობაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლა რ.ს., რის შემდეგაც იარაღი თავზე მიაბჯინა მის 4 წლის შვილს ქ.ს.-ს და ისე გაისროლა მისი მიმართულებით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მან ძალადობის გზით სექსუალური კონტაქტი დაამყარა ლ.ს.-სთან, ხოლო შემდეგ წყალში დაახრჩო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა მალხაზ კობაური დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100