"სულ ვნატრობ ხოლმე რომ ეს კადრი ჟანეტმა არასდროს ნახოს, ჩემი ნამდვილი სახე რომ არ გამოჩნდეს" - ნოე სულაბერიძე

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გადაცემა "პრაიმშოუსა" და მასზე მომუშავე ადამიანებზე ვრცელ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ოთხშაბათია, დღეს პრაიმშოუს დღეა !

ეს არის გადაცემა, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. მთელი ამ წლების მანძილზე თითქმის 30-მდე სატელევიზიო პროექტის გაკეთება მოვასწარი. სიცრუის დეტექტორისა და ცეკვავენ ვარსკვლავების ფორმატების შემდეგ ვეღარ ვიფიქრებდი, თუ რაიმე იქნებოდა ისეთი, რაც ასევე კვირაში ერთხელ ერთნაირად, ერთიდაიმავე მძლავრ ემოციას გააღვიძებდა ჩემში და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. ზოგადად ვთვლი, რომ მადლიერება ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ადამიანის ბუნებაში, ზუსტად ამიტომ ყველანი ვცდილობთ ხარვეზი არ გვქონდეს ამ ნაწილშიც და კიდევ ერთხელ ერთი დიდი, უზარმაზარი მადლობა ყოველ თქვენგანს. ეს კი იმიტომ, რომ გარდა იმისა რომ გვიყურებთ, ასევე ყოველთვის იგრძნობა როგორ გვგულშემატრივრობთ, გვათბობთ, როგორ გიხარიათ ყოველი წარმატება. თვითკმაყოფილება ჩვენ არასდროს გვჩვევია და მინდა იცოდეთ ყოველთვის თავდაუზოგავად ვშრომობთ და ვფიქრობთ რა ხერხით, რა გზით შეიძლება გავხადოთ პრაიმშოუ თქვენთვის კიდევ უფრო საინტერესო.

რაც ხდება კვირის განმავლობაში დანარჩენი 6 დღის მანძილზე სანამ ეთერში გავალთ, დამიჯერეთ ეს კიდევ უფრო მეტად საინტერესო სანახაობაა. საკმარისია წარმოიდგინოთ ისტორიულად ყველაზე უდისციპლინო დისციპლინირებული, თათბირებსა და ჩაწერებზე ყოველთვის ნაადრევად მოსული ანრი, მარად საცობებში მყოფი ერთ დროს გზააბნეული და პრაიმშოუს გადაღებებს-გადამკიდე ახლა უკვე თბილისის ყველა გარეუბნისა და ქუჩების ექსპერტი უცნაურად დაუზარელი ნინი, სალომე, რომელმაც მგონია, რომ თავის დიზაინერულ მოღვაწეობაზეც კი თქვა უარი ფშავ-ხევსურეთში, სამეგრელოსა და საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებში სიუჟეტების კეთების სანაცვლოდ. საკმარისია წარმოიდგინოთ უკრაინის ლამის უკვე მოქალაქე ირაკლი, რომელსაც სხვათაშორის პარალელურად უკრაინულ წამყვან არხზე გრანდიოზული შოუს გადაღებები აქვს მთელი ეს დრო როგორც წამყვანს და რომელიც ქანცდალეული დაფრინავს აქეთ იქით ყოველ ოთხშაბათს რომ წარსდგეს თქვენს წინაშე... და რათქმაუნდა ჩემი სისხლისმსმელი, ჩემი მარადიული ოპონენტი ცხადშიც და უკვე სიზმარშიც ნინო... სინამდვილეში კარგად ვიცი მისი სტრესული გარემო და ურთულესი საპასუხისმგებლო თანამდებობა კლინიკაში, რომელსაც პრაიმშოუს მაინც უთავსებს. თუმცა ცალკე შოუა როგორ გამოგვყვავს ერთმანეთი წყობიდან... სულ ვნატრობ ხოლმე რომ ეს კადრი ჟანეტმა არასდროს ნახოს, ჩემი ნამდვილი სახე რომ არ გამოჩნდეს. ხანდახან გულშიც დავმშვიდობებივართ კიდევაც ერთმანეთს, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე საათით... რატო? პასუხი ძალიან მარტივია... თქვენ ფიქრობთ იმიტომ, რომ ერთი გუნდი ვართ? არა, ცდებით, გუნდებიც აგებენ ხშირად და იშლებიან... პასუხი კიდევ უფრო მარტივია... უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ ყველას ერთმანეთი გვიყვარს... ყოველ წუთს, ყოველ წამს გვახსოვს ერთმანეთის არსებობა და ყველამ ვიცით რომ საჭირო დროსა და საჭირო მომენტში კადრში და კადრს მიღმა ერთმანეთის გვერდში გავჩნდებით. ესაა სწორედ ჩვენი მთავარი სიძლიერე! ...როგორი პათოსითაც არ უნდა ჟღერდეს - ესაა სიყვარული! ... რაც დამეთანხმებით ალბათ, iqos-ის სიგარეტივით დეფიციტშია. ...ზუსტად ისევე როგორც დეფიციტშია ჩვენი ნინუცასნაირი 24 საათინ რეჟიმში ხაზზე მყოფი მეგობარი, (დიახ, ჩვენი მეგობარი და არა თანამშრომელი) რომელიც ისტერიულად გვთოკავს ყველას. (დამეთანხმებით ამდენ ეგოზე ზემოქმედება ცალკე სტრესია, თითქმის შეუძლებელი)
ძალიან რომ არ დაგღალოთ ყველა ჩვენი პრაიმშოუელი მეგობრით უაღრესად ვამაყობთ.... და ეს მათ იციან!"

კომენტარი