სერგეი გავრილოვი: ეს უვარგისი მცდელობა იყო ფორუმის ჩასაშლელად

სერგეი გავრილოვმა საქართველო პარლამენტის შენობა დატოვა და ახლა „რედისონის“ ტერასაზე სხვა რუს პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფება.

გავრილოვი ამბობს, რომ გუშინდელი თბილი მიღების შემდეგ ასეთ დემარშს არ ელოდა. მისივე თქმით, ის საქართველოში მართმადიდებლობასა და ქრისტიანულ სიყვარულზე სასაუბროდ ჩამოვიდა.

„ვთვლი, რომ ეს უვარგისი მცდელობა იყო საერთაშორისო მართლმადიდებლური ფორუმის ჩასაშლელად. ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ გავამყაროთ ურთიერთობები კულტურისა და განვითარების სფეროში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა საკმარისი საფუძველია საპარლამენტთაშორისო კავშირების გასამყარებლად. ჩვენი ღონისძიება ტარდება მწვავე საკითხების განხილვის გარეშე. ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჩემს შესახებ ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არც აფხაზეთსა და არც სხვაგან. ცხელ წერტილებში ჩემი ვიზიტი მხოლოდ მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქრისტიანების დახმარებას სირიასა და კოსოვოშიც“, - აღნიშნა გავრილოვმა.

რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ გადაწყვეტილი, გაგრძელდება თუ არა ან სად გაგრძელდება ასამბლეა. რუსი დეპუტატები კი ქართველ კანონმდებლებს, რომლებმაც მათ შეხვედრა ჩაუშალეს, „ხულიგნების დაჯგუფებას“ უწოდებს.

კომენტარი