სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერ ხერხდება ალადაშვილის კლინიკაში მყოფი დაშავებულის იდენტიფიცირება

20 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავებული 28 პაციენტი მოხვდა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 6 პაციენტი, 22 წუხელვე გაეწერა.

„ამ 6 პაციენტიდან ერთი არის მძიმე, მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მას თავის არეში ჰქონდა რეზინის ტყვია მოხვედრილი. ეს პაციენტი არ არის იდენტიფიცირებული და ვერ დგინდება მისი ვინაობა.ის არის საშუალო ასაკის მამაკაცი. იგი ოპერაციის შემდგომ მართვით სუნთქვაზე იმყოფება,“- აცხადებს ალადაშვილის სახელობის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შარაშენიძე.

მისივე ინფორმაციით კლინიკაში ამჟამად მყოფი 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანს აქვს ტვინის შერყევა.3 მათგანი ნევროლოგიურ განყოფილებაში წევს.2 კი ქირურგიულ განყოფილებაში.

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოხვედრილ ყველა პაციენტს რეზინის ტყვიებით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100