სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 ივნისის სისხლიანი მოვლენები და მსროლელი სპეცრაზმელები - "კურიერმა" ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირების იდენტიფიცირება შეძლო

სპეცრაზმის სრული მობილიზება რუსთაველზე და დამიზნებით სროლა მოქალაქეების მისამართით - "კურიერმა" იმ სპეცრაზმელების ვინაობა გაარკვია, ვინც 20 ივნისის ღამეს, აქციის მონაწილეების მისამართით ისროდა.

ტყვიების სროლა რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა 20 ივნისის ღამეს 23:57 საათზე დაიწყო. პარლამენტის შენობაში მობილიზებული რობოკები მოულოდნელად, გამზირზე გამოვიდნენ და ათასობით ადამიანს დამიზნებით სროლა დაუწყეს. სროლას პანიკა მოჰყვა, ხალხი გარბოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სპეცრაზმს სროლა არ შეუწყვეტია. რეზინის ტყვიებთან ერთად, ისროლეს წიწაკის გაზის კაფსულები, რამაც სუნთქვა შეუძლებელი გახადა.

დარბევისთვის მზადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საღამოს ექვსი საათიდან დაიწყო, რასაც "კურიერი" პირდაპირ ეთერში გადასცემდა. "კურიერის" ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი, რომელსაც პარლამენტის აკრედიტაცია ჰქონდა, რაც მას შენობის ტერიტორიაზე მუშაობის სრულ უფლებას აძლევდა, სამართალდამცავებმა შენობის ეზოდან გამოაძევეს.

ადამიანი, რომელიც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს პარლამენტიდან ძალის გამოყენებით აგდებს, ვაჟა სირაძეა, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე. ის საპატრულო პოლიციამდე კასპის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. სირაძეს ძალადობაში და დაკავებულების ცემაში არაერთი მოქალაქე ადანაშაულებდა.

პარლამენტის შენობიდან, დავალებებს გიორგი გახარია და მისი მოადგილე გასცემდნენ. ბრძანებებს რაციაში ისმენდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყაყიჩაშვილი, რომელიც სპეცრაზმელებს თავად უთითებდა, ვისთვის და როდის უნდა ესროლათ.

სპეცრაზმელი, რომელიც დამიზნებით ესროდა დემონსტრანტებს 20 ივლისის სისხლიანი მოვლენების მთავარ ანტიგმირად იქცა. „კურიერმა“ მონაცემთა ბაზის სკანირების შედეგად მისი ვინაობა დაადგინა, ის ზაზა ფანქალაშვილია.

პოლიციელების დასახლებაში, სადაც ფანქალაშვილი ცხოვრობს, „კურიერს“ მეზობლებმა უთხრეს, რომ სპეცრაზმელი შსს-დან ერთხელ გადაცდომის და მოქალაქის ცემის გამო გაუშვეს, თუმცა ის რამდენიმე წლის წინ ისევ უკან დააბრუნეს. პარლამენტის თაღებთან, სტრატეგიულ სიმაღლეზე, სულ სამი ძალოვანი იდგა, ერთი ფანცქალაშვილი იყო, მეორე კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყაყიჩაშვილი. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ ის დავალებას რაციით იღებს და შემდეგ მის გვერდით მდგომ პირებს ეუბნება, ვის უნდა ესროლონ. გიორგი ყაყიაჩვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთაურად გიორგი გახარიამ დანიშნა, მანამდე ის სნაიპერების სამსახურის უფროსი იყო.

„კურიერმა“ დაადგინა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის სახელზე სახლი ივერთ უბანშია რეგისტრირებული, სახლს ძალოვანი ახლა იშენებს. ორ სართულიანი სახლის 500 კვადრატული მეტრია.

ვინ გასცა ადამიანებისთვის თავში სროლის ბრძანება - ამ კითხვას ხელისუფლება არ პასუხობს. კადრებში კი კარგად ჩანს, რომ ხალხის დასარბევად გამოყვანილი სპეცრაზმელების დიდი ნაწილი აქციაზე პირველად იყო.

„კურიერს“ ერთ-ერთი სპეცრაზმელის გარემოცვა გადასცა მიმოწერა, საიდანაც მარტივად დგინდება, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დასარბევად, ქუჩაში, გახარიას ბრძანებით გაყვანილების ნაწილი, თავადაც აქციის მონაწილეების პოზიციას იზიარებდა.

ხელისუფლებამ აქციების დასაშლელად არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ქუჩაში გაიყვანა ყველა სპეც რაზმელი, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო დანაყოფები არ ეყო, ღამით ყაზარმული მდგომაროება გამოცხადდა და სპეცრაზმი დასავლეთ საქართველოდანაც გადმოიყვანეს.

„კურიერს“ წყარო უყვება, რომ ბრძანება ცრემლსადენი აირის გაშვებისა და რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შესახებ რაციით შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ გასცა.

სპეცრაზმელების მიერ რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა, ორმა მათგანმა კი თვალი დაკარგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100