ქუთაისში რესტორნის ხმაურით შეწუხებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #60-ში მცხოვრები ეფრემიძეები დახმარებას ითხოვენ.

პრობლემა მათი სახლის წინ რესტორნის მოწყობის შემდეგ შექმნილი გაუსაძლის საცხოვრებელი გარემოპირობებია. როგორც ოჯახის დიასახლისი ნინო გეგჭკორი ამბობს, დღე-ღამის განმავლობაში რესტორან „სანაპიროს“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გადაჭარბებული ხმაურია, რის გამოც ოჯახის მცირეწლოვან ბავშვსა და ხანდაზმულ ავადმყოფს დაძინებაში ხელი ეშლება.

„ერთი პრობლემა პარკირებაა და მეორე ხმაური. "სანაპიროს" სტუმრები გვიან ღამით 2, 3 ზოგჯერ ოთხ საათზეც კი რესტორნის წინ გამოდიან და ხშირად ჩხუბობენ. ზოგჯერ ისეთი წივილ-კივილია შეუძლებელია საკუთარ სახლში გაჩერდე და თავი მშვიდად იგრძნო. არაფერს ვამბობ, კვამლსა და ცეცხლის ფერფლზე რის გამოც, მთელი ზაფხული ფანჯრები ვერ გავაღეთ. ამ პრობლემების მოწესრიგების თხოვნით რამდენჯერმე მივმართე რესტორნის ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. მართალია ბოლო რამდენიმე დღეა პარკირების საკითხი მოაგვარეს, მაგრამ ხმაურს ვერაფერი მოვუხერხეთ და ვითხოვთ დახმარებას", - ამბობს ნინო გეგეჭკორი.

რესტორან "სანაპიროს" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დაწესებულება ღამის 12 საათამდე მუშაობენ. ამავდროულად არც იმას უარყოფენ, რომ ბოლო კლიენტის წასვლამდე არ იხურებიან. მენეჯერის თქმით, რესტორნის გარეთ გასული ხმაური მათ არ ეხება და რომ ისინი ქუჩაზე გასული სტუმრის საქციელზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

“პარკირების პრობლემა მოვუგვარეთ და ქუჩაზე თუ ვინმე გავა და წივილ-კივილს დაიწყებს, ჩემგან გასული იქნება, თუ სხვისგან, მაგას ვერ გავარკვევ მე ვერანაირად და მაგისთვის არის საშუალება პატრულის ან დაცვის პოლიცია. ყველა გვემსახურება ჩვენ,” - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი ფირცხალავა. თუმცა, ამავდროულად აცხადებს რომ ეცდებიან ეფრემიძეების ოჯახი დაწესებულებით ნაკლებად შეწუხდეს და ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ რესტორნის ხმაურითა შეწუხებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს წერილობით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც სპეციალისტები საქმეს შეისწავლიან.


კომენტარი