სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, წართმეული აქვს მარცხენა ხელი და ფეხი - ჯიქურის სასამართლო პროცესი კლინიკაში მიმდინარეობს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქურის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში მიმდინარეობს. დაკავებული შეუძლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა და ის უკვე მესამე დღეა, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ადვოკატი, ალექსანდრე ზუბიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამისად, ჯიქურის ინტერესების დამცველი გეგმავს, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართოს.

„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, აქვს წართმეული მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი, შეუძლოდ არის, სუსტად არის. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაიდოს კიდევაც დღევანდელი პროცესი, შესაძლებელია და თუ გაიხსნება პროცესი, მე მოვითხოვ მის მიმართ წაყენებული ბრალდების მოხსნას და ალტერნატივის სახით შევთავაზებ უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს,“ - აცხადებს ალექსანდრე ზუბიაშვილი.

დაცვის მხარის არგუმენტები მიუღებელია პროკურორისთვის. გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოახდენს ზემოქმედებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე.

„არსებობდა ფაქტობრივი საფუძვლები, გახლავთ წარმოდგენილ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, მთავარი მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც დასტურდება, რომ ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, პოლიციის მუშაკისადმი წინააღმდეგობა და თავდასხმა მათზე, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა დღეს სასამართლოს წინაშე იქნება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ახდენს ზემოქმედებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემთვის როგორც არის ცნობილი, არის დამაკმაყოფილებელი,“ - განაცხადა პროკურორმა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის სამი მონაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100