ონიშენკო: "ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე წლის ბოლომდე დაბრუნდება"

ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე, შესაძლოა, წლის ბოლომდე დაბრუნდეს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განუცხადა. "პრინციპში ამისათვის, გაცილებით მცირე დროა საჭირო", - აღნიშნა ონიშენკომ. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი მწარმოებლების მზადყოფნაზე, რათა რუსეთის ბაზრის ყველა მოთხოვნა შეასრულონ.

ონიშენკოს განცხადებით, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში ქართველ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

"შეხვედრა ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა ინიციატივით გაიმართა. დაზუსტდა ყველა აუცილებელი პარამეტრი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად. ბუნებრივია, მთავარი პირობა რუსული კანონმდებლობის სრული დაცვით პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა იყო", - განაცხადა რუსეთის მთავრმა სანიტარმა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს რუსეთმა, სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით, რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური პროდუქციისა და მინერალური წყლის შეტანა აკრძალა.

კომენტარი