თსუ-ში სასწავლო წელი იწყება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი იწყება.

ამ დღესთან დაკავშირებით 11:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიესალმებიან.

დღესვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებულ პირველ კორპუსში დავების მოგვარების ალტერნატიული ცენტრი (ADR) გაიხსნება.

გარდა ამისა, ქართულ-ამერიკული პროექტის ფარგლებში ოთხმხრივ მემორანდუმს მოეწერება ხელი, რომელიც ალტერნატიული ცენტრის შექმნასა და შემდგომ თანამშრომლობას ჩაუყრის საფუძველს.

მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პრეზიდენტი და "ისტ-ვესტის" პროექტის მენეჯერი მოაწერენ. ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრება.

19:00 საათზე კი "ვარდების მოედანზე" თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელიშიც ნიაზ დიასამიძე, "თსუ-ის გორდელა" და ანსამბლი "უნივერსიტეტი" მიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე 4200 აბიტურიენტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - 46 აბიტურიენტი, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კი - 304 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

დღეისათვის თსუ-ში 22 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

კომენტარი