შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს - მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლები თქვენი მტრები არ არიან და პარლამენტში ხართ კოლეგები

შვედეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნორლენმა აღნიშნა, დელეგაციის წევრებზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ პრობლემებმა, რაც მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს.

"შვედეთი მყარად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. გუშინ ჩვენ შევხვდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ვნახეთ - პრობლემებმა, რომელიც მოსახლეობას აქვს",- განაცხადა ნორლენმა.

ამასთან, ანდრეას ნორლენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შვედეთი შეშფოთებულია საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ მნიშვნელოვან მომენტებში. შეშფოთებულები ვართ საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციით და ჩვენი რჩევა იქნებოდა ამ პოლარიზაციის შერბილება. ვფიქრობთ, რომ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთად დემოკრატიის პირობებში, მაშინ, როდესაც არსებობს გარეშე საფრთხეები. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით განცხადებებს რეფორმებთან მიმართებაში და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება დიალოგისთვის სხვადასხვა წარმომადგენლობების და პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ როდესაც არჩეული ხართ პარლამენტში, სხვა პარტიების წარმომადგენლები თქვენი მტრები კი არ არიან, არამედ თქვენ ხართ კოლეგები. მუშაობა პატივისცემის პირობებში პარტიული ხაზის მიუხედავად - ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს და მწვავე საკითხვის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს",- განაცხადა ნორლენმა.

კომენტარი