სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის ლაბორატორია იხსნება

2011 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსში განახლებადი ენერგიის ლაბორატორია გაიხსნება. ლაბორატორია, რომელიც სტუდენტების, პროფესორების და ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტების საერთაშორისო სტანდატებით მომზადებისთვისაა განკუთვნილი, აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, თბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორით და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით.

განახლებადი ენერგიის სასწავლო–კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული კოპმანია HERZ Armaturen–ის, აშშ–ს საერთაშორისო განვთარების საააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა, რომელიც კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, დამონტაჟდა ავსტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას დოქტორანტების მომზადებისთვის, სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

განახლებადი ენერგიის ლაბორატორიის პერსონალისთვის ავსტრიელი და უკრაინელი სპეციალისტები სპეციალურ ტრენინგს ჩაატარებენ. სამომავლოდ, დაგეგმილია განახლებადი ენერგიის გამოყენების თანამედროვე ტექნიკის სადემონსტრაციო ხაზი და სამუშაო შეხვედრები ელექტრომომარაგებისა და გათბობა–ცხელწყალმომარაგების პროფილის ადგილობრივ კომპანიებთან.

განახლებადი ენერგიის ლაბორატორია ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პოპულარიზაციას, გაზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების მიმართ, განავითარებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და დაამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. სკოლის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო–შემეცნებითი ლექციების ჩატარება, რაც ენერგეტიკული დარგის სპეციალობების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100