სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის აღარ არის იმიტომ, რომ თავი შევაძულეთ და შთავაგონეთ, რომ მხოლოდ ამ გზით დაიცავდა მისთვის ძვირფას ადამიანებს, იმ საზარელი ურჩხულისგან, რომელსაც სისტემა ჰქვია"

პოეტი ლაშა მარგიანი გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის შესახებ წერს:

"ეს ის მოზარდია, სკოლის კედელზე "ამ ცხოვრების დედაც" რომ დაწერა, ეს კედელი სარკედ აქცია და ამ სარკეში სკოლისა და მთელი საზოგადოების ჩახედვის გამო, პოლიციამ დაკითხა, დაკითხვის შემდეგ კი მეცხრე სართულიდან გადმოხტა, იმიტომ კი არა რომ თვითმკვლელობისკენ ჰქონდა მიდრეკილება, არა, პირიქით, სიცოცხლე უნდოდა და ჩვენ ყველამ, ნაცვლად იმისა, რომ მოგვექაჩა, დაგვეჭირა, ჩავბღაუჭებოდით, ან საერთოდაც გადავყოლოდით თან, ჩვენ ყველამ ერთად ვკარით ხელი და გავაგრძელეთ ცხოვრება, ისეთ თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

დღეს ეს ბავშვი გარდაიცვალა.

სულ რაღაც 15 წლის იყო.

ის აღარ არის იმიტომ, რომ ვერ დავიცავით. იმიტომ, რომ არავინ იყო მის გვერდით როცა ეს ყველაზე მეტად დასჭირდა. იმიტომ, რომ ვერავის და ვერაფერს დაეყრდნო მეცხრე სართულზე ასული და გადმოხტა, იმ იმედით კი არა, რომ გაფრინდებოდა, არა პირიქით, იმ იმედით, რომ რაც შეიძლება მაგრად დაენარცხებოდა მიწას. იმიტომ, რომ არ დავაცადეთ გაზრდა. იმიტომ, რომ თავი შევაძულეთ და შთავაგონეთ, რომ მხოლოდ ამ გზით დაიცავდა მისთვის ძვირფას ადამიანებს, იმ საზარელი ურჩხულისგან, რომელსაც სისტემა ჰქვია, რომელიც არც კარადაში, არც საწოლის ქვეშ, არამედ თითოეული ჩვენგანის წყვდიადით სავსე გამოქვაბულებად ქცეულ თვალებშია.

ისევ ნიკა ჩერქეზიშვილის სიტყვები გამახსენდა:
"მშიშარაა,
ვინც ფიქრობს,
რომ ცხოვრება მშვენიერია."

#ამცხოვრებისდედაც

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100