აშშ–ის სენატში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების "რუქა" წარმოადგინეს

ამერიკის სენატში მოწვეულ საგანგებო სხდომაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების "საგზაო რუქა" წარმოადგინეს.

დოკუმენტი, რომელზეც ატლანტიკური საბჭოს წევრთა და სენატორთა ჯგუფი წელიწადზე მეტხანს მუშობდა, ამერიკის ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს, რომელთა შესრულებამ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასა უნდა შეუწყოს ხელი.

დოკუმენტში რეკომენდაციების გარდა, რუსეთის აგრესიაზეცაა საუბარი.

"პირველი" მკითხველს რეზოლუციის ორიგინალის ნახვას ამ ბმულზე სთავაზობს.

"ის, თუ როგორ მოიქცა რუსეთი საქართველოში, მნიშვნელოვანი საკითხია. 2008 წლის ომის შემდეგ სამი წელი გავიდა, რუსულ სამხედრო ძალებს კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისევ ოკუპირებული აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს", - განაცხადა განხილვისას აშშ-ის სენატორმა სამხრეთ კაროლინას შტატიდან ლინდსი გრაჰამმა.

აშშ-ის სენატორმა ნიუ-ჰემპშირიდან ჯინ შაჰინმა კი აღნიშნა, რომ “საუკეთესო, რაც შეიძლება ქვეყნისთვის მოხდეს, ისაა, რომ ის გარშემორტყმული იყოს ქვეყნებით, სადაც ხალხი კანონის უზენაესობას, თავისუფალ არჩევნებს და დამოუკიდებელ სასამართლოს აფასებს”.

"ერთადერთი, რატომაც შეიძლება, ამ ინსტიტუტებმა შეგაშინოს, ისაა, რომ ამ იდეის თავად არ გჯეროდეს. დამწყები დემოკრატიების მეზობლად ყოფნა მისასალმებელი სიახლე იქნებოდა, რუსეთში რომ ცხოვრობდე. როდესაც ჩვენი მეგობრები რუსეთში ცდილობენ, დემოკრატიულ განვითარებას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში საფრთხე შეუქმნან, ჩვენ - დასავლეთმა ამას ხელი უნდა შევუშალოთ", - განაცხადა შაჰინმა.

კომენტარი