სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაფე-ბარების და რესტორნების ნაწილი უკვე დაკეტილია

კაფე-ბარებისა და რესტორნების დიდი ნაწილი დაკეტილია. რესტორნების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებამდე დაკეტეს, რადგან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გაუფრთხილდნენ როგორც მომხმარებლებს, ასევე თანამშრომლებს.

ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე აცხადებს, რომ ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და დაემორჩილოს რეკომენდაციებს.

"მივხვდით ყველა, რა საშიშროების წინაშე შეიძლება დაგვეყენებინა ჩვენი თავი, პერსოანლი და მომხმარებელი. სანამ არ ჩაწყნარდება მდგომარეობა, უნდა იყოს რესტორნები დაკეტილი, რომ ავიცილოთ საფრთხე თავიდან,"- განაცხადა თაკო დოლაბერიძემ.

კლუბ 10/11-ის პიარმენეჯერი ტატა ავალიშვილი არნიშნავს, რომ კლუბი უკვე დაიკეტა და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალხმრავალი ადგილები იქნება საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი.

"პარასკევს დავხურეთ კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული დღე იყო. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე,"- განაცხადა ტატა ავალიშვილმა.

რესტორან "შავი ლომის" მფლობელი მერიკო გუბელაძე ფიქრობს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა მსგავს სიტუაციაში აუცილებელია და ამიტომაც რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული.

"გუშინ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკეტა რესტორნები. ძალიან ბევრი ჩამოსული სტუმარია, ჩვენი კერძები არ არის ისეთი რომ გამოძახება იყოს შესაძლებელი. საკვებიც ამ შემთხვევაში არ არის უსაფრთხო,"- განაცხადა მერიკო გუბელაძემ.

ზამთრის კურორტებზე კი სეზონი უკვე იხურება. სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ ფინანსურად გადაწყვეტილება არ იყო იოლი, თუმცა ისინი სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და რეკომენდაციებს დაემორჩილებიან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო სეზონი დროზე ადრე დასრულებულიყო, ასევე კაფე-ბარები და რესტორნები გადასულიყვნენ გამოძახების სერვისზე და დაეხურათ სივრცეები, რომელიც ვირუსის ფონზე რისკის ზონად მიიჩნევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100