"ყოველდღე 1500-მდე პაციენტი შემოჰყავთ და იმდენია დაინფიცირებული პასუხების მიღებას ვერ ვასწრებთ" - აი, რა განუცხადა დრონი.ჯი-ს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა, რომელიც იქ საავადმყოფოში მუშაობს

"თქვენი აზრით, რამდენი პაციენტი შემოჰყავთ ყოველდღიურად? იცით, რომ 1500 ადამიანი მოჰყავს სასწრაფოს და მიმღებში ხალხს ვერ ავუდივართ? ამ 1500-დან კიდე იმდენია დაინფიცირებული covid 19-ით, რომ პასუხების მიღებას ვერ ვასწრებთ და წარმოიდგინეთ ეს ხდება გერმანიის პატარა ქალაქში" - ასეთი ინფორმაცია მიაწოდა დრონი.ჯი-ს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ბიჭმა, რომელიც იქ, ერთ-ერთი საავადმყოფოს მიმღებში მუშაობს.
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხომ გგონიათ, რომ გერმანია ძალიან განვითარებული ქვეყანაა, ელემენტარული ინვენტარი უჭირთ საავადმყოფოებს. მართალია, ამის საჭიროება აქამდე არ იყო და წინასწარ ვერ გათვლიდნენ, თუმცა მაინც ძალიან მოუმზადებლები არიან" - აცხადებს ჩვენთან საუბარში ქართველი ემიგრანტი.
დრონი.ჯი-სთან ისაუბრა სხვა ქართველმა ემიგრანტმაც, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. "მინიმუმ ერთი თვე დაკეტილია ყველაფერი, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, მე სადაც ვმუშაობდი ის კვების ობიექტიც, აქ ყველა ინფიცირებულების მომატებულ რიცხვზე და შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრობს. არ ვიცი, შეიძლება საქართველოში დაბრუნება მომიწიოს, მაგრამ ევროკავშირმა ერთი თვით საზღვრები სულ ჩაკეტა. მოკლედ იმედია თავს დავაღწევთ ამ მსოფლიო პანდემიას"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭი.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კომენტარი