პანდემიის ფონზე მოახლოებული აღდგომის დღესასწაული - სად ილოცებს მრევლი კომენდანტის საათის პირობებში ლიტონიობას?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე 16 დღით ადრე პატრიარქმა მრევლს უთხრა, რომ მსოფლიო პანდემიის გამო ტაძრის კარი არ დაიხურება. ასევე, მრევლს მისცა რეკომენდაციებიც, რომ ეკლესიებსა თუ მის გარეთ, დისტანცია დაიცვან. პატარა ტაძრების მრევლს კი, პატრიარქი მოუწოდებს, ღია ცის ქვეშ ილოცონ და ვისაც დასნებოვნების შიში აქვს, ან რისკ-ჯგუფშია, სახლში დარჩეს.

პატრიარქს საკუთარ განცხადებაში არაფერი უთქვამს ზიარების წესთან დაკავშირებით. მრევლიც და სასულიერო პირებიც კვლავ ერთი ბარძიმიდან ეზიარებიან. ცვლილებები მხოლოდ ღვთისმსახურებაში შევიდა. ეკლესიებში მრევლი დისტანციას იცავს. სასულიერო პირების ნაწილი კი ამბობს, რომ მსახურების შეწყვეტა მათთვის ეკლესიის დევნის ტოლფასია და მსოფლიო ეპიდემიის დროსაც ტაძრებში ლოცვის ხმა უნდა ისმოდეს.

სასულიერო პირების ნაწილმა მრევლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ლოცვა ეკლესიის გარეთაც, სახლშიც შეიძლება.

მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპასა თუ აზიაში ტაძრები დაცარიელდა, გადაიდო საეკლესიო რიტუალები, რომის პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე მარტო მოუხდა დგომა. საქართველოში გარკვეულ სასულიერო პირებს კი ჯერ კიდევ ასეთი წარმოდგენა აქვთ ვირუსზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი მაღალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე ავიდა და ერსა და ბერს სწორედ იქიდან უთხრა, რომ ვირუსი არ აშინებს.

კორონავირუსის საფრთხის გამო იერუსალიმში, აღდგომის ეკლესიაში წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში ასობით მორწმუნის ნაცვლად 10-15 ადამიანი შევა. ისიც, მხოლოდ აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები. წმინდა ცეცხლს კი მაცხოვრის ტაძრიდან მორწმუნეებს საკუთარ ქვეყნებში წასაღებად პირდაპირ აეროპორტში მიუტანენ. ცეცხლს საქართველოში ამჯერადაც ლაშა ჟვანია ჩამოიტანს, სავარაუდოდ, იმ სპეცრეისით, რომლითაც საქართველოში ჩვენი თანამემამულეებიც უნდა დაბრუნდნენ.

კომენდანტის საათის პირობებში და კორონავირუსის საფრთხის გამო, როგორ ჩატარდება ტაძრებში აღდგომის ღვთისმსახურება, ამ დროისთვის უცნობია. საქართველოს საპატრიარქოსა და ეკლესიას შორის ამ საკითხზე კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოქალაქეებს პრემიერიც მოუწოდებს.

კომენტარი