გაჩერების მიუხედავად „ბიბლუსმა“ სესხი აიღო და ყველა თანამშრომელს ხელფასი სრულად ჩაურიცხა

მაშინ როცა, მთელი მსოფლიო და საქართველო პანდემიას ორ - ჯანდაცვის და ეკონომიკურ ფრონტზე ებრძვის, ერთმანეთის მიმართ თანადგომას ალტერნატივა არ აქვს.

პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაჩერებული ბიზნესი შემოსავლების გარეშე დარჩა, იქ დასაქმებული ადამიანები კი ექიმების მოწოდების შესაბამისად სახლებში რჩებიან. სწორედ ასეთ დროს შეიძინა თავისი ნამდვილი მნიშვნელობა ტერმინმა, რომელიც მანამდე არაერთხელ გვსმენია - ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო, კომპანია „ბიბლუსმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი დროებით გააჩერა.

წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ყველაზე პოპულარული მაღაზიათა ქსელი, რომელსაც ყოველდღიურად ათასაობით მომხმარებელი ჰყავდა და გაყიდვებზე იყო დამოკიდებული, ფაქტობრივად შემოსავლების გარეშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამ რთული და კრიზისული ვითარებისა, კომპანიამ გადაწყვიტა აეღო სესხი და სახლში დარჩენილ 800-მდე თანამშრომელს მიმდინარე თვის ხელფასი სრულად ჩაერიცხათ. აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიები 19 მარტიდან არის გაჩერებული, თუმცა თანამშრომლებს სრული თვის ხელფასი აუნაზღაურდათ. იმედია, „ბიბლუსის“ ნაბიჯი სხვა ბიზნესისთვისაც სამაგალითო და გადამდები იქნება, რადგან ამ ომში კორინავირუსის წინააღმდეგ ან ყველა ერთად, ერთმანეთის მხარდაჭერითა და თანადგომით გავიმარჯვებთ, ან.... ამ ომს ცალკეული და ერთეული გამარჯვებულები არ და ვერ ეყოლება. ამიტომ, ერთად ერთმანეთზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გადავლახოთ კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და სირთულეების მიმართ უფრო მედეგს გაგვხდის.

კომენტარი