სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასწორის მეორე მხარეს უდიდესი გამარჯვებაა - ინტერვიუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტში მონაწილესთან

„მსოფლიოს დახმარება სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება, ავად ხდება და კვდება. ეს უნდა დასრულდეს. მე ჯანმრთელი ვარ. რისკები შევაფასე და საფრთხეს ვერ ვხედავ. სასწორის მეორე მხარეს უდიდესი გამარჯვებაა“, - ამის შესახებ „იმედის დილასთან“ ინტერვიუში 47 წლის ამერიკელმა მოხალისემ ნილ ბრაუნინგმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე იტესტება.

ბრაუნინგის თქმით, მასთან ერთად კიდევ 44 ადამიანმა ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი იმიტომ გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ადამიანების ტანჯვა და ავადმყოფობა დედამიწაზე. მას პირველი ინექცია16 მარტს ჩაუტარეს.

„სახლში დაბრუნებულებს უნდა გვეკონტროლებინა სხეულის ტემპერატურა. აღგვეღწერა გვერდითი მოვლენები. თუმცა, მე არაფერი გამომივლინდა. ძალიან ოდნავ მტკიოდა ნანემსარი ადგილი, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის აცრის შემდეგ. მეორე დღეს ამ ტკივილმაც გამიარა. მეორე ინექციიდან 7 დღის შემდეგ კლინიკაში დავბრუნდით, სადაც სისხლის ანალიზი გაგვიკეთეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ სხეულს ვაქცინაზე არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონდა. ანალიზის პასუხი სუფთა აღმოჩნდა. ბოლოს კლინიკაში 31 მარტს ვიყავი. ამჯერად საკმაოდ დიდი ოდენობით სისხლი აგვიღეს. ეს სისხლი გაიგზავნება, რათა გამოიკვლიონ და დაადგინონ, რამდენად ეფექტურია ვაქციანა. 14 აპრილს სისხლს კიდვ ერთხელ ჩავაბარებთ. იმავე დღეს გაგვიკეთდება ვაქცინის მეორე, დამატებითი დოზა. ამის შემდეგ ჩემ სისხლს რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკურად დატესტავენ. ამით შესაძლებელი გახდება იმის გარკვევა, წარმოიქმნება თუ არა ჩემ სისხლში ანტისხეულები და რამდენ ხანს ძლებენ ისინი“, - განაცხადა ამერიკელმა მოხალისემ.

კლინიკური კვლევის ორმა ფაზამ წარმატებით ჩაიარა. სამიზნე ვირუსის ცილოვანი გარსია. დადებითი შედეგის შემთხვევაში ვაქცინამ კორონავირუსის ცილა უნდა დაბლოკოს და ადამიანი დაინფიცირებისგან დაიცვას.

„ამ ვაქცინაში არ არის ცოცხალი ან დეაქტივირებული ვირუსი, ანუ ინფექციის განვითარების რისკი არ არსებობს. ექსპერიმენტული ვაქცინა გენეტიკური პლატფორმის გამოყენებითაა შექმნილი, რომელსაც ინფორმაციულ RNM-ს უწოდებენ. ვაქცინა უჯრედებს ვირუსის ცილის დადგენისკენ მიმართავს, რამაც ძლიერი იმუნური პასუხი უნდა აღძრას. ვაქცინამ ჩვენს იმუნიტეტს უნდა ასწავლოს, შექმნას პროტეინისგან კორონავირუსის მსგავსი წანაზარდები, რომელსაც ასე ხშირად ვხედავთ მედიაში და რეალური დასნებოვანების შემთხვევაში, სწრაფად შეძლოს ანტისხეულების გამომუშავება და ვირუსის დამარცხება“, - განაცხადა ნილ ბრაუნინგმა.

კითხვაზე, თუ იგეგმება მისი კორონავირუსით ინფიცირების მცდელობა, რომ ვაქცინა დაიტესტოს, ბრაუნინგმა განაცხადა, რომ ვაქცინის შესამოწმებლად ამ კლინიკური ცდის ფარგლებში მისი მიზანმიმართული დაინფიცირება არ მოხდება.

„ყოველთვის არის იმის შანსი, რომ მაგალითად მაღაზიაში დავსნეულდე. ქვეყანაში და ჩვენს შტატში, ვაშინგტონში ძლიან მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. მოგვიწოდებენ დავრჩეთ სახლში და გარეთ მხოლოდ აუციელებლობის შემთხვევებში გავიდეთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, საზოგადოებრივ ადგილებში ნიღაბი გვეკეთოს. სახლში ჩემს საცოლესთან ერთად ვცხოვრობ. მას ერთი ქალიშვილი ჰყავს, მე კი ორი ქალიშვილი - წინა ქორწინებიდან, ანუ სახლში სამი პატარა გოგონა გვყავს. კვლევაში მონაწილეობა ჩემგან მარტო ყოფნასა და იზოლაციას არ ითხოვს. მე მომეთხოვება იგივე, რაც ჩემს თანამოქალაქეებს. ერთადერთი შეზღუდვა, რაც დამიწესეს ისაა, რომ ერთი წლის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის ჩაბარება. ასევე ერთი წლის განმავლობაში უფლება არ მაქვს დავტოვო შეერთებული შტატები“, - განაცხადა ნილ ბრაუნინგმა.

მსივე თქმით, მისი საცოლე ექთანია და კარგად ესმის, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი. მისი პაციენტები ონკოდაავადებულები არინა. რომლებიც მომატებული რისკის პაციენტებია.

ბრაუნინგი პროფესიით ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტია და ადამიანების დაცვას ინტერნეტსივრცეშიც ცდილობს. თვეზე მეტია იგი სახლიდან მუშაობს და მისი დამსაქმებელი „მაიკროსოფტია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100