"თეთრპერანგიანი მამაკაცი ლაშა ლურსმანაშვილია და არა "კაწრო" - შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირი, რომელიც კადრებში ფიგურირებს ლაშა ლურსმანაშვილია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი