აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ლეიკ ჯექსონის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ონკანის წყალი

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ლეიკ ჯექსონის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ონკანის წყალი, რადგან მასში პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის გამომწვევი მიკრობი, Naegleria Fowleri აღმოაჩინეს - ამის შესახებ BBC წერს.

„მოსახლეობამ ონკანის წყლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს, ვიდრე წყალმომარაგების სისტემა შესაბამისად არ დამუშავდება და ნიმუშები არ მიუთითებს, რომ წყალი უსაფრთხოა გამოსაყენებლად" - აცხადებენ ტეხასის გარემოსდაცვითი ხარისხის კომისიაში.

ამება Naegleria fowleri ორგანიზმში ცხვირიდან ხვდება და ტვინის ქსოვილს აზიანებს. ეს უმარტივესი არსებები ძირითადად თბილ, მტკნარ წყალში - ტბებში, მდინარეებსა და გუბურებში ბინადრობენ, სადაც ბაქტერიებით იკვებებიან. დაავადება იშვიათია და ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა, თუმცა სიმპტომების - სიცხის, გულისრევის, თავის ტკივილისა და ჰალუცინაციების გაჩენიდან ერთ-ორ კვირაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება.

2009-2018 წლებში აშშ-ი ამ ინფექციის 34 შემთხვევაა აღწერილი.

ქალაქ ლეიკ ჯექსონში 27 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარი