ვინ აიცრებიან პირველ ეტაპზე საქართველოში?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. მისი განმარტებით, სამეციდიცინო პერსონალის შემდეგ კი პრიორიტეტი ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მიენიჭებათ.

"ყველა თანხმდება, რომ პირველი, ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი არიან ჩემი კოლეგები, ანუ პირველი აიცრება ყველგან ალბათ სამედიცინო პერსონალი. აშშ-ც იწყებს სამედიცინო პერსონალით აცარს, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ - ექიმები და სამედიცინო პერსონალი. მეორე რისკ ჯგუფი იქნება უკვე ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანხმლები დაავადებები, როგორიცაა ფილტვის დაავადებები, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დანარჩენი კიდევ იქნება განხილული“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე : რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს საქართველო არჩევანს ? გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. კოვაქს პლატფორმა, რომელშიც საქართველოა გაერთიანებული, ამ დროისთვის ოქსფორდის, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებს სწავლობს.

"ე.წ. კოვაქვს პლატფორმა, რომელშიც საქართველოა გაერთიანებული, შეისწავლის რამოდენიმე ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული სამი ძლიერი მარეგულირებელის - ამერიკის წამლის სააგენტოს, ევროპის წამლის სააგენტოს და იქნება პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს იქნება ოქსფორდის, ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინა. საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, სამიდან ორ კომპანიას - ფაიზერს და მოდერნას ლოჯისტიკის გართულებული მექანიზმი აქვს. კერძოდ, თუ ჩვეულებრივ ვაქცინების გადატანა და შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე ხდება, ფაიზერის შემთხვევაში ეს -70 გრადუსია, ხოლო მოდერნას შემთხვევაში - -20 გრადუსი. გამყრელიძის განცხადებით, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ქვეყანა შესაბამისი სამაცივრე დანადგარებით იყოს აღჭურვილი.

კომენტარი