შეზღუდვების კანონის ვადა შესაძლოა, 6 თვით გახანგრძლივდეს

საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მოქმედება, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივოს.

შესაბამისი ინიციატივის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის განმარტებით, კანონის ვადის გახანგრძლივება "ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

"ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა რამოდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება", - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძის განმარტებით, კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება არ ნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ძალაში დარჩება ან უფრო მეტად გამკაცრდება.

კომენტარი