სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი და ნანგრევებში ჩარჩენილი მოქალაქეები - ასეთი ვითარებაა ხორვატიაში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

ხორვატიის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმაროს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეძლებისდაგვარად გავიდეს ღია სივრცეში, მოერიდოს შენობებს, რომელთაც ჩამონგრევა ემუქრება. მოქალაქეებმა, რომლებიც სართულებზე იმყოფებიან, საყრდენი კედელი უნდა იპოვონ. მოვუწოდებთ რადიოსადგურებსა და სხვა მედიას გაავრცელოს მითითებები მიწისძვრის შემთხვევაში", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ქალაქ პეტრინიაში, რომელიც მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალდა, დახმარება იგზავნება.

ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ბევრი სახლი დანგრეულია. ისინი მაშველებსა და მეხანძრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მათთან ჩამოსვლასა და დახმარებას სთხოვენ, რადგან ნანგრევებში ადამიანებია მოყოლილი.

სამაშველო სამსახურებს ადამიანები მანქანებიდანაც ამოჰყავთ.

პეტრინიაში ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი გაემგზავრა.

ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ავრცელებს.

"პეტრინიას გზაზე, სისაკ-მოსლავინას ოლქში, კიდევ ერთი გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც მთელი ხორვატიის მასშტაბით შევიგრძენით, ჩვენ მობილიზება გავუწიეთ ყველა ხელთ არსებულ სერვისს ხალხის დასახმარებლად და დანგრეული ტერიტორიების გასაწმენდად. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაა“, – აცხადებს პლენკოვიჩი.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან 24 საათის ინტერვალით 5,2 და 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ და დღეს მოხდა. სტიქიამ 1000-მდე სახლი დააზიანა. ქალაქ პეტრინიას მერის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად ერთი მცირეწლოვანია გარდაცვლილი. ნანგრევებში კი ამ დრომდე დაშავებული მოქალაქეები რჩებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100