ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

The Economist-ის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს “მშვიდად უყურებს და ამბობს, "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, - ფორმას არ დაგვაკარგვინებსო".

როგორც გამოცემა წერს, "სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო ნორმალურ ადგილს ემსგავსებოდა და მისი პოლიტიკა მოსაწყენიც კი ხდებოდა, ქვეყნის ყველაზე მდიდარი და იდუმალებით მოცული ადამიანი პოლიტიკურ ავანსცენაზე ხმაურით გამოვიდა".

"ქართულ სოფელში დაბადებულმა ივანიშვილმა ქონება რუსეთეში, საბანკო, სასტუმრო და სამთო ბიზნესით დააგროვა. 2003 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში ის ფარულ ქველმოქმედებას ეწეოდა. მან ქვეყნის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი ააშენა. ივანიშნილს საქართველოში ისეთი დემოკრატიის დამკვიდრება უნდა, რომელიც "მსოფლიოს გააოცებს", მაგრამ მისი მოტივები ბუნდოვანია: მიილტვის ის ძალაუფლებისკენ? იქნებ, კრემლის შიში (ან იქნებ მხარდაჭერა) ამოძრავებს, თუ მას მართლაც კარგი უნდა სამშობლოსათვის? ივანიშვილი საქართველოზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს სარისკო კაპიტალდაბანდება იყოს, რომელსაც ერთი-ორი წლით სათავეში ჩაუდგება, დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ პრესას დაამკვიდრებს და კარგ მენეჯერებს დაასაქმებს", - წერს The Economist და კახა ბენდუქიძის სიტყვები მოჰყავს, რომ "ის ამ საქმეს ისე უყურებს, როგორც კონკურენტი კომპანიის დაუფლებას".

ამასთან, The Economist ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას სეპარატისტული რეგიონების - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო გმობს, მაგრამ ომის დაწყებაში სააკაშვილს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინზე ლაპარაკისას ფრთხილობს".

"სააკაშვილი თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს, "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, - ფორმას არ დაგვაკარგვინებსო". დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება არ აწყობს", - წერს The Economist.

მისივე მონაცემებით, "ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობაზე უჭირავს თვალი, თუმცა მისი პოპულარობა, რეიტინგის მიხედვით, მხოლოდ 17%-ს აღწევს, სააკაშვილის პარტიას კი - 42% აქვს".

კომენტარი