მაკა ასათიანი „მაესტროს“ შენობას მისცემს, ივანიშვილი კი – ფულს

გვიან ღამით ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მან შეიტანა სარჩელი ტელეკომპანია მაესტროს წინააღმდეგ, ის ითხოვს, დაყადაღდეს ტელეკომპანიის 100 პროცენტიანი წილი, ასევე ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ რესურსი, რომლითაც ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობს, მთლიანად ეროსის კიწმარიშვილს ეკუთვნის.

ამ განცხადებას გუშინ ღამეთვე უპასუხა მაესტროს დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა (მან დღეს უკვე გააკეთა განცხადება, რომ „მაესტროს“ გენერალური პროდუსერის თანამდებობა დატოვა), რომელმაც განაცხადა, რომ კიწმარიშვილი აკეთებს აბსურდულ განცხადებებს, ასევე მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილს მართავს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც არის "რუსთავის მმართველი კომპანიის" ხელმძღვანელი და ის სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის მითითებებს ასრულებს.

"ამის დოკუმენტაცია არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ მისი მმართვის კომპანიის გარკვეულ წილს ფლობს ირაკლი ოქრუაშვილი და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ ოპერაციის ხელმძღვანელია. ჩვენ გავწყვიტეთ კონტრაქტი ეროსი კიწმარიშვილთან და მე მას ვურჩევ, როგორც ცივილიზებულმა ადამიანმა, მიმართოს სასამართლოს, თუ ჩვენ შეცდომა დავუშვით და ტყუილად გავწყვიტეთ კონტრაქტი და დავარღვიეთ ამით მისი უფლებები, სასამართლო ჩვენ დაგვაკისრებს მორალურ ან მატერიალურ ზარალს ასანაზღაურებლად და ის მიიღებს უფრო მეტ თანხას, ვიდრე მიიღებს მაესტროდან",- განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მამუკა ღლონტის გაცხადებით, ტელეკომპანია "მაესტროს" სულ მალე ექნება ახალი შენობა, რომელსაც მაკა ასათიანი შეიძენს და ის ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ "მაესტროში" ფულს ჩადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარი