სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა „კალატოზას“ ძმისშვილი, რომელსაც არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა გახმაურებულ საქმეში ბრალდებული გიორგი ქარსელაძე. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. გამოძიება მას არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. მოსამართლემ ქარსელაძე უდანაშაულოდ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლშიც, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ბრალდებულის ინტერესებს თამარ აბესაძე და ზურაბ მამულაშვილი იცავდნენ. ადვოკატების თქმით, „მოსამართლე გიორგი არევაძემ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, ვინაიდან ქარსელაძის წინააღმდეგ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა“.

საუბარია 2020 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანი კ.ჩ-ს დაჭრაზე. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღით მუხლები ჰქონდა დაცხრილული.

განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიებამ ბრალი წარუდგინა ცნობილი „კანონიერი ქურდის“, დავით ქარსელაძის, იგივე „კალატოზას“ ძმისშვილს, გიორგი ქარსელაძეს და მის კიდევ ერთ მეგობარს.

36 წლის გიორგი ქარსელაძე წარსულში დაახლოებით 8-ჯერ არის გასამართლებული, მათ შორის განზარხ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. საუბარია 2018 წლის 13 ივლისს, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც გიორგი ქარსელაძემ ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ საქმეზე მას პირობითი მსჯავრი დაედო და მაშინაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

კომენტარი