ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ლალი მოროშკინას „რეპრესიების მსხვერპლად“ მიიჩნევს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ცნობილი ჟურნალისტის, ტელეწამყვანისა და მწერლის ლალი მოროშკინას ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

"მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ როდესაც სააკაშვილის რეჟიმის მომსახურე პირები უფრო მეტ დანაშაულს ჩადიან, მათ გმირებად აცხადებენ, მაგრამ მოროშკინას შემთხვევაში ეს წვრილმან ხულიგნობად შეფასდა.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს განსხვავებული მოსაზრების ადამიანების დევნას, რასაც ლალი მოროშკინა შეეწირა" - განაცხადა ხატიაშვილმა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, "ხმა აღიმაღლოს ლალი მოროშკინას უკანონო დაპატიმრების გამო, რათა სააკაშვილის რეჟიმმა მსგავსი რეპრესიები შეწყვიტოს".

შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინა "ნანუკას შოუს" ჩაწერაზე მომხდარი ინციდენტის გამო 10 დეკემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, რომელსაც მოროშკინა "მოდულის" შენობაში იხდის.

საქმე "პრაიმ-თაიმის" დამფუძნებლის თაკო ფხაკაძის ცემის ფაქტს ეხება, რომელიც მოროშკინამ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში თავად აღიარა.

კომენტარი