სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასჯელმოხდილ ალექსანდრე ნავალნის შს განყოფილებასთან ათასზე მეტი მოქალაქე დახვდა

რუსი ბლოგერი და ოპოზიციის ერთ-ერთ გამოკვეთილ სახედ ქცეული, საკუთარ ბლოგტექსტებში რუსული აგრესიული ნაციონალიზმით ცნობილი ალექსანდრე ნავალნი 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ონლაინ ინტერნეტრეპორტაჟი ნავალნის გათავისუფლების შესახებ გუშინდელი დღის მთავარ მოვლენად იქცა, უშუალოდ შს განყოფილებასთან კი, საიდანაც ნავალნი უნდა გამოსულიყო, უამინდობის, ყინვისა და თოვის მიუხედავად, უამრავი მოქალაქე და ჟურნალისტი შეიკრიბა. ხალხის მასა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ პოლიციის ხელმძღვანელობამ ნავალნი უჩუმრად გადაიყვანა სხვა განყოფილებაში, რათა მისი პომპეზური დახვედრა ჩაშლილიყო.

ამის მიუხედავად, ცნობამ ერთი განყოფილებიდან მეორეში ნავალნის გადაყვანის შესახებ მაინც გაჟონა და ნავალნის გულშემატკივრებმა იმ ადგილის ალყაში მოქცევაც მოასწრეს, სადაც ბლოგერი გადაიყვანეს. განყოფილებაში მისული ნავალნის მეუღლე - იულია პრესამ ვერ იცნო, სამაგიეროდ, ის ახლოსაც კი ვერ მივიდა ქმართან, რომლის გამოჩენა მაშინვე მინი-პრესკონფერენციაში გადაიზარდა.

„იქ მყოფთაგან თითქმის ყველას ჰქონდა განცდა, რომ რუსეთის მომავალ პრეზიდენტს ხვდებოდნენ“, - ემოციები და სუბიექტური დამოკიდებულება ვერ დამალეს გათავისუფლების პროცესის აღწერის დროს რუსმა ბლოგერებმა.

დაკავების შემდეგ პირველ კომენტარში ალექსანდრე ნავალნიმ მოსახლეობას 24 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ მიტინგზე მოსვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ რუსეთში გადამწყვეტი ბრძოლა იწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100