ეს კვების ფულია... - კალაძე ადასტურებს, რომ ქართული ოცნები დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ ქართული ოცნების 27 სექტემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან და ამბობს, რომ ეს კვების საფასურია.

"რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის. თქვენ მიზანმიმართულად ამბობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება - მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები.

როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფთ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა აქციის ჩატარება". - თქვა კახა კალაძე.

ქართული ოცნების აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე 27 სექტემბერს დაიგეგმა. მმართველმა პარტიამ აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი 14 ოქტომბერს, იმავე ადგილას შეკრიბა.

აქციისთვის მობილიზებაა სხვადასხვა რეგიონში.

კომენტარი