"სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები თქვენობით ელაპარაკებოდნენ" - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებულ სააკაშვილის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი მისი უფლებების დაცვით განხორციელდა. რატი ბრეგაძემ ამის დამადასტურებლად დღეს გავრცელებული კადრები მოიყვანა, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას ასახავს.

"გავრცელდა კადრები, როდესაც მას რეანიმობილში, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თანამშრომლები, თქვენობით ელაპარაკებოდნენ; მოუწოდებდნენ, რომ გადმოსულიყო; ეუბნებოდნენ, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა თანამშრომლებზე", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება ძალის გამოყენებას, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს არ დაემორჩილა, იუსტიციის მინისტრის თქმით, გამოყენებული იყო "სრულიად პროპორციული ძალა". რატი ბრეგაძემ აღნიშნა, აგრეთვე, რომ ამ ფაქტზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებენ და საბოლოო სამართლებრივ შედეგს გამოძიება დაადგენს.

კომენტარი