აფხაზეთში, ოკუპანტთა ბაზასთან ვალმერ ბუთბა მოკლეს

გალის რაიონში, ოკუპანტების ერთ-ერთ ბაზასთან, ღობესთან ახლოს, ცნობილი აფხაზი ბოევიკი, აფხაზეთის გმირის წოდების მფლობელი, ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ვალმერ ბუთბა მოკლული იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვალმერ ბუთბა საკონტროლო გასროლით იყო მოკლული. ტერაქტი, სავარაუდოდ, შიდაკრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. ცნობილია, რომ ბოევიკს ბოლო დროს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა როგორც აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების, ასევე საოკუპაციო ბაზების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან.

ვალმერ ბუთბას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა მინიჭებული. ქართველი სამართალდამცველები სწორედ მას მიაწერენ 2005 წლის 5 მაისს ბათუმში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებას. მაშინ ქალაქის ცენტრში "ჯიპი" აფეთქდა, სადაც შსს-ს საგანგებო დავალებათა სამმართველოს ერთ-ერთი ოფიცერი, დიმიტრი კორძაძე იმყოფებოდა. გამოძიების ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დიმა კორძაძემ ბავშვი სახლში მიიყვანა, მანქანაში დაბრუნდა და როგორც კი სახლს გასცდა, მანქანა აფეთქდა. შსს-ს ოფიცერი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ბათუმში გადაყვანამდე დიმა კორძაძე შსს-ს საგანგებო დავალებათა ზუგდიდს სამმართველოს უფროსი იყო.

ვალმერ ბუთბას მკვლელობის ამბავი ადრეც რამდენჯერმე გავრცელდა, მაგრამ არ დადასტურებულა. „დრონი.ჯი“-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჯერად ვალმერ ბუთბა ნამდვილად მოკლეს. პროზექტურაში, სადაც ბუთბას ცხედარი გადაასვენეს, უკვე მივიდნენ ტერაქტის მსხვერპლის ოჯახის წევრები და ახლობლები. აფხაზურ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

კომენტარი