დღეს წარდგენილმა „ქართული ოცნების“ კოალიციამ დაპირებები ჩამოთვალა

ამ წუთებში სასტუმრო "რედისონში" პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" (ბიძინა ივანიშვილი), "რესპუბლიკური პარტია" (დავით უსუფაშვილი), "თავისუფალი დემოკრატები" (ირაკლი ალასანია) "ეროვნული ფორუმი" (კახაბერ შარტავა) "ქართული ოცნების" სადამფუძნებლო დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ნოდარ ხადური და ალექსი პეტრიაშვილი. აღმასრულებელ მდივნად ნოდარ ხადური დასახელდა, კოალიციის თავმჯდომარე კი თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება.

სადამფუძნებლო დეკლარაციის თანახმად, არჩევნების გზით "ხელისუფლებაში მოსული "ქართული ოცნება" საზოგადოებას შემდეგ დაპირებებს აძლევს:

1. დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში.

2. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოს დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმართველობასა და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას.

3. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონული პოზიციების გამყარებას.

4. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს.

5. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას.

6. უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური დევნის დაუშვებლობას.

7. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის სახელმწიფო ინსტიტუტებთან შერწყმას.

8. დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს.

9. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს.

10. შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებეს შეუქმნის.

11. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.

12. იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას.

კომენტარი