აზერბაიჯანის ქალაქში მეამბოხეებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახლი გადაწვეს

აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რაიონულ ცენტრ გუბაში არეულობის ჩასახშობად ჯავშანტექნიკა და შიდა ჯარებია გაგზავნილი.

„კონტაქტ.აზ“–ის ინფორმაციით, ქალაქში სამი ჯავშანტრანსპორტიორი ამდენივე წყლის ჭურვი და ასეული სამხედრო მოსამსახურე შეიყვანეს.

ადგილობრივი პოლიცია არეულობას საკუთარი ძალებით ვერ ახშობს.

„ჯერჯერობით ჩვენ საკუთარი ძალებით ვამყარებთ წესრიგს, თუმცა დახმარება სასწრაფოდ გვჭირდება“,–განაცხადა რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ აზერ რზაევმა.

არეულობის მიზეზი რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რაუფ ხაბიბოვის განცხადება გახდა, რომელმაც რაიონის მოსახლეობას გამყიდველი უწოდა.

დღეს დილიდან ადმინისტრაციის შენობასთან აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.მომიტინგეები ჩინოვნიკისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას მოითხოვდნენ.

მომხდარის გამო ხაბიბოვი მოსახლეობასთან გავიდა და ბოდიში მოიხადა, თუმცა აქციის მონაწილებმა ეს არასაკმარისად მიიჩნიეს, ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს.

პოლიციამ მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის გამოც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო.დაპირისპირების შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა,მათ შორის სამი პოლიციელი და ერთი მომიტინგე.

არეულობამ მთელი ქალაქი მოიცვა, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შენობის ნაწილი და ჩაიხანა, შემდეგ კი ხაბიბოვის სახლი გადაწვეს.

ახლა მომიტინგეები ხაბიბოვის აგარაკისკენ მიემართებიან, რათა ისიც დაწვან.

უკმაყოფილო მოსახლეობას აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი შეხვდა, რომელმაც ხაბიბოვის სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს. არეულობის შედეგად 200მდე მომიტინგეა დაკავებული.

კომენტარი