სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირანელი ბიზნესმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კოსტავას გამზირზე მოკლულ ირანელ ბიზნესმენ მაქსუდ ბედუსტანს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა.ამის შესახებ "ივერონს" ბედუსტანის მეგობრებმა განუცხადეს. მათივე თქმით, "ბედუსტანს ყველა დიდ პატივს სცემდა და დადებითად ახასიათებდა".

"გვიჭირს იმის წარმოდგენა, ვის შეიძლებოდა, ჩაედინა ეს საშინელი მკვლელობა. ბედუსტანი ძალიან გულისხმიერი ადამიანი იყო და მეზობლების მიმართ ყოველთვის ხელგაშლილობითა და ყურადღებით გამოირჩეოდა. ისინიც ასევე პატივისცემით ეპყრობოდნენ ბედუსტანს",- განუცხადეს "ივერონს" მოკლულის მეგობრებმა.

გარდაცვლილს ასევე დადებითად ახასიათებენ მეზობლები, რომელთაც მკვლელის ვინაობაზე და შესაძლო მოტივებზე საუბარი უჭირთ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ კოსტავას #21-ში, ირანული ბიზნეს-ცენტრის III სართულზე ცენტრის ხელმძღვანელი, 50 წლამდე ასაკის მაქსუდ ბუდესტანი მოკლეს.

ირანელი ბიზნესმენი საკუთარ კაბინეტში დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მოკლული პირველმა მისმა მდივანმა ნახა.

თანამშრომლების ინფორმაციით, მკვლელობამდე მასთან უცნობი მამაკაცი იმყოფებოდა.

ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ცნობისთვის, მაქსუდ ბუდესტანი საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იგი ირანის ბიზნესმენთა კავშირის ხელმძღვანელი იყო და ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში საქმიანობის დაწყებაში ეხმარებოდა.

გარდაცვლილს ქართველი მეუღლე ჰყავდა, რომელიც ამ დროისთვის გარდაცვლილია. მაქსუდ ბუდესტანს 11 წლის შვილი დარჩა.

ამასთან, ტელეკომპანია "იმედი" იუწყება, რომ შსს-მ უკვე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, თუმცა ჯერჯერობით არ სახელდება მკვლელობის მოტივი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულს თან აღმოაჩნდა მოკლულის კუთვნილი რამდენიმე ნივთი, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონი და მინი-კომპიუტერი.

ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქეა.

მომზადებულია "ივერონისა" და "ტვ იმედის" მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100