სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძისა და იერუსალიმის პატრიარქის საუბრის ტრანსკრიპტი გამოქვეყნდა

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური, დავით ბაქრაძისა და იერუსალიმის პატრიარქის შეხვედრის ტრანსკრიპტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ იერუსალიმის პატრიარქ, თეოფილე მესამესთვის ბოდიშის მოხდის შესახებ, ბერძნული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამ შეხვედრის გაშიფრულ ტექსტს ავრცელებს. როგორც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, მაკა გიგაური აცხადებს, აღნიშნული მასალა ერთ საათიანი შეხვედრის მხოლოდ 12 წუთიანი მონაკვეთს მოიცავს.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე მესამესთან ერთ საათიანი შეხვედრის განმავლობაში ჯვრის მონასტრის საკითხი არაერთხელ დასვა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე: “თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას ნამდვილად ვაფასებ. პირველ რიგში, მსურს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორეს მოკითხვა გადმოგცეთ. მე მას გამომგზავრებამდე სამი დღით ადრე შევხვდი და მან მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ის და ჩვენ საქართველოში თქვენს ვიზიტს ველით. თქვენ ნადმვილად პატივსაცემი და ღირსეული სტუმარი იქნებით. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ კარგ ურთიერთობებს, რომელიც თქვენსა და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შორის არსებობს. ეს არის სხვადასხვა ეკლესიებს შორის ქრისტიანული, ძმური ურთიერთობის კარგი მაგალითი. რა თქმა უნდა, მე აქ საქართველოს სახელმწიფოს და არა ეკლესიას წარმოვადგენ, მაგრამ აღნიშნული ურთიერთობების განვითარებას მივესალმებით და გვჯერა, რომ ეს ურთიერთობები სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ თბილ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის მიმართ არაერთხელ გამოხატეთ.

თეოფილე მესამე: ჩვენ საქართველოს ეკლესიასთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. მე თქვენ წმინდა სინოდის წევრებთან წარგადგენთ.

დავით ბაქრაძე: მთელი დღე ქნესეთში, პოლიტიკურ დაწესებულებებში სტუმრობაში გავატარეთ. დღეს უკვე მოვინახულე ბევრი ადგილი, რომელიც თქვენს საპატრიარქოს ეკუთვნის. ბევრი ქართველისთვის ჯვრის მონასტერი ისტორიული, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ადგილია. ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების თქვენთან შეთანხმება გვსურს. საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან არაერთი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ. მჯერა, რომ ყველა ეს პროცესი მონასტერთან მიმართებაში თქვენი საკუთრების უფლებისადმი პატივისცემით წარიმართება. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც თქვენმა საპატრიარქომ უკანასკნელი სამასი წლის განმავლობაში აღნიშნული მონასტრის შენარჩუნებისთვის განახორციელა. ჩვენ ამ პროცესში ოფიციალური ისრაელის ჩართვაზე არ ვსაუბრობთ. ისრაელის მთავრობა მეგობრულადაა განწყობილი. ჩვენ მას მხოლოდ იმის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა დაიწყოს. აღნიშნული მონასტერი ჩვენს ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. იმ კონსულტაციების განმავლობაში, რომელიც ისრაელის ხელისუფლებასთან ჩემი ვიზიტის ფარგლებში გავმართე (ქნესეთის სპიკერს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი) მათ საქართველოს მიზნების შესახებ, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების შესაძლებლობაზე ვესაუბრე, მაგრამ თქვენ მთავარი ფიგურა ბრძნადებით, ვისთანაც ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ. ჩვენ პატივს ვცემთ იერუსალიმის საპატრიარქოს, ჩვენს მეგობრებს ისრაელის მთავრობაში ამის შესახებ მხოლოდ ინფორმაცია მივაწოდეთ. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, განსაკუთრებით რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო ისრაელში პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელებით არის დაკავებული. მათ ჩვენი საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია განახორციელეს. ამ პროცესში თქვენს როლსა და იმ კანონს, რომლის მიხედვითაც ეს მონასტერი თქვენს საპატრიარქოს ეკუთვნის, პატივს ვცემთ. ასე, რომ, ჯვრის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით თქვენი, ასევე საპატრიარქოს ძალიან მადლიერი ვართ.

თეოფილე მესამე: ძალიან დიდი მადლობა განმარტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს წარსულში ბევრ უადგილობას ვაწყდებოდით. ეს მგრძნობიარე საკითხი, როგორც თქვენ მას უწოდეთ, ჩვენ ელჩთან განვიხილეთ.

შეხვედრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის პატრიარქს თანამედროვე ქართველი მხატვრის ნახატი აჩუქა, რისთვისაც თეოფილე მესამემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

Internet.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100