ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა გაუარესდა

„თავისუფალი საქართველო“ ცოტნე გამსახურდიასთვის სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას და მის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს.

ამის შესახებ დღეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პარტია მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ ცოტნე გამსახურდიას საქმე და მოახდინონ რეაგირება მისი უფლებების დარღვევებზე.

„გამსახურდიამ დაკავების შემდეგ დაიწყო უვადო შიმშილობა პროტესტის ნიშნად, რამაც მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა. თუმცა, მას არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. გამსახურდიაზე დაკავების მომენტიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამჟამად მსჯავრდებული ძალიან დაუძლურებულია და აუცილებელია მისი ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა“,- განაცხადა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 27 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 9 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარი