სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა აკავშირებს ივანიშვილს „კუდ“-თან? - სკანდალური ინფორმაცია „ფეისბუქზე“ (ვიდეო)

ჯერ „იუთუბზე“, შემდეგ კი „ფეისბუქზე“ საინტერესო ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელმაც გვამცნო, რომ საქართველოში საკმაოდ ორიგინალური ახალგაზრდული გაერთიანება შეიქმნა, რომელიც თავის თავს „კუდ“-ს უწოდებს. გაშიფვრას ნუ იჩქარებთ, ის არ გახლავთ არანაირ კავშირში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და ასე იშიფრება: „კოშმარი უნდა დასრულდეს“.

თუ ახალგაზრდების ქცევით, ქუჩაში სიარულის მანერითა და ნიღბების მიხედვით ვიმსჯელებთ (გავრცელებულ ვიდეოზე ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, ხოლო „იუთუბზე“ ატვირთული ვიდეო მის ავტორს „კუდ ვენდეტას“ ასე დაუსათაურებია: „კუდ - ჩვენ 99% ვართ!“), გასაგები ხდება, რომ ისინი კოშმარს არსებულ ხელისუფლებასთან აკავშირებენ.

ამ ორგანიზაციაზე თუ გაერთიანებაზე ჯერჯერობით ვრცელი ინფორმაცია არ არსებობს და ეს მისი წევრების კონსპირაციულობითაა განპირობებული, მაგრამ ერთმა ბლოგერმა, როგორც ჩანს, კარტების გახსნა გადაწყვიტა და ვიდეოსთან ერთად საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა სკანდალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამ ჯგუფს ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. იგივე ბლოგერი მიუთითებს, რომ „კუდ“-მა იდენტიფიცირებისთვის სატანური სიმბოლო აირჩია, თუმცა, მათი სიმბოლო სხვადასხვა დანიშნულებით გვხვდება და ისიც ფაქტია, რომ ბლოგ-ტექსტში არ არის მოყვანილი რაიმე სახის ხელჩასაჭიდი ცნობა ან ინფორმაცია, რომელიც ამ გაერთიანებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს დაადასტურებს. ბლოგერი წერს:

„ჩვენი ინფორმაციით, ეს ახალგაზრდები ფინანსდებიან ბიძინა ივანიშვილის მიერ. მათი უშუალო ხელმძღვანელები არიან, ივანიშვილის ახალგაზრდულის ცნობადი სახეები.ფოტოზე ასახული ნიშანი, როგორც გავარკვიეთ არის, მოქმედი ,,სატანისტური” სიმბოლო.“

მტკიცებულებითი ინფორმაციის ნაკლებობის მიუხედავად, ვიდეორგოლი სწრაფად გავრცელდა 11 მაისს ატვირთულ ვიდეორგოლს უკვე ათას ორასამდე ნახვა აქვს. ვიდეორგოლი და ბლოგ-ტექსტი დიდი სისწრაფით ვრცელდება „ფეისბუქზეც“.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100